ყოველწლიური ონლაინ შეხვედრა (M12): საქართველოში და უკრაინაში კიბერუსაფრთხოების ოთხი ახალი საუნივერსიტეტო კურსი შემუშავდა

აღმოსავლეთ ევროპაში კიბერუსაფრთხოების განათლების გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა მიღწეული. საქართველოსა და უკრაინაში სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ოთხი ინოვაციური საუნივერსიტეტო კურსი, რომლებიც თანამედროვე კიბერთავდაცვის ყველაზე აქტუალურ თემებს ეძღვნება:

  • ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანური სწავლება კიბერუსაფრთხოებაში
  • DevSecOps
  • კვანტური და პოსტკვანტური უსაფრთხოება
  • 5G ფიჭური ქსელების კიბერუსაფრთხოება

ეს პროგრამები უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინტენსიური თანამშრომლობის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავს სასწავლო გეგმების განახლებას და უმაღლესი განათლების მოდერნიზებას ახალი ციფრული საფრთხეებით გამოწვეული მოთხოვნების შესაბამისად.

გასული წლის განმავლობაში კონსორციუმი მუშაობდა სასწავლო კურსების ერთობლივ შემუშავებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორობის გაღრმავებაზე. ახლახან ეს მიღწევები პირველი წლის შემაჯამებელ საერთო კრებაზე წარადგინეს. შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, მდგრადობის პრინციპებისა და ოფლაინ ღონისძიებების ჩატარებაზე ომის გავლენის გათვალისწინებით.

შეხვედრისას შეჯამდა პროექტის განხორციელების პირველი წლის შედეგები და დაისახა ამბიციური მიზნები შემდეგი ეტაპებისთვის, კერძოდ, დამატებითი ღონისძიებები კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სასწავლო რესურსების შესამუშავებლად. განხილულ პირველ ინიციატივებს შორისაა კვალიფიკაციის ამაღლების (upskilling) სამომავლო პროგრამა უკრაინელი და ქართველი სპეციალისტებისთვის, რომლის ჩატარებაც ევროპის ერთერთი უნივერსიტეტის კამპუსში იგეგმება.

კურსების ამოქმედების პარალელურად, აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კონსორციუმმა ევროკომისიას პროექტის ოთხი შედეგი წარუდგინა; ამჟამად ისინი განხილვის ეტაპს გადიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ მასალებიდან სამი უკვე გამოქვეყნდა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია, რაც საგრძნობლად აფართოებს ინიციატივის გავლენას უკრაინისა და საქართველოს აუდიტორიებს მიღმა. გამოქვეყნებულ რესურსებს შორისაა განახლებული სასწავლო პროგრამები, მეთოდოლოგიური მასალები და სამუშაო ჩარჩოები (ფრეიმვორკები), რომლებიც შექმნილია კიბერუსაფრთხოების საკვანძო მიმართულებებით უწყვეტი სწავლებისა და მომზადების მხარდასაჭერად.

ამ კურსებისა და პროექტის შედეგების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიონალთა ახალი თაობის მოსამზადებლად, რომლებსაც შეეძლებათ ლოკალური და რეგიონული კიბერმედეგობის გაძლიერება რთულ და სწრაფად ცვალებად საფრთხეების გარემოში.

განსაკუთრებული მადლობა ყველა პარტნიორს, ვისმა თავდადებამ და მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა ამ შედეგების მიღწევა. შესრულებული სამუშაო მხოლოდ დასაწყისია ფართომასშტაბიანი, მრავალწლიანი ინიციატივისა, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული თავდაცვის გაძლიერებას განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

კურსებზე წვდომა:

ეს ინიციატივა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთობლივი საგანმანათლებლო ინოვაციები გახდეს ქმედითი ინსტრუმენტი კიბერსაფრთხეებთან ბრძოლაში, რაც სტუდენტებსა და პროფესიონალებს მოწინავე ტექნოლოგიურ ცოდნასა და უნარჩვევებს აძლევს.